ავღანეთი

აშშ-ს დაზვერვა: ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში, შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს

თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან გაერთიანებული მებრძოლები, ქაბული, 2021 წლის 23 ივნისი
The Wall Street Journal

The Wall Street Journal-ის მიხედვით, გასულ კვირას აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ აშშ-ს ძალების ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში, შესაძლოა ქაბულის მთავრობა დაეცეს. WSJ ამ ინფორმაციას დასკვნასთან ახლოს მყოფ პირებზე დაყრდნობით ასაჯაროვებს. 

აშშ-ს დაზვერვის სააგენტოებმა გადახედეს საკუთარ წინა, უფრო ოპტიმისტურ დასკვნებს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა ათეულობით რაიონი და მნიშნელოვანი ქალაქების შემოგარენი დაიკავა. ხშირ შემთხვევაში ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და აღჭურვილობას. 

ოთხშაბათს, 23 ივნისს თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის ძალებს შორის მოხდა შეტაკება ქალაქ ქუნდუზის ჩრდილოეთ ნაწილში. წინა დღეს კი თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის მთავარი სასაზღვრო პუნქტი ტაჯიკეთთან, რის შემდეგაც სამთავრობო ძალების 134 სამხედრო ტაჯიკეთის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შეუშვეს და თავშესაფარი მისცეს. დაახლოებით 100 სამხედრო მოკვდა ან თალიბანის ტყვეობაში ჩავარდა. თალიბანმა მიაღწია ჩრდილოეთ ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილის, სიდიდით მეოთხე ქალაქის, მაზარ-ი-შარიფის მისადგომებს. 

ადგილობრივი პოლიტიკოსები და ტომობრივი ლიდერები სამთავრობო ძალებთან თალიბანთან დანებების შესაძლებლობებს განიხილავენ. მთავრობის მიერ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში გასამრჯელოს ვერ იღებენ, ხშირად, თალიბანის მიერ თავისუფალი და უსაფრთხო გავლის სანაცვლოდ, საკუთარ პოსტებსა და შეიარაღებას ტოვებენ. 

აშშ-ს დაზვერვა აქამდე თვლიდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მთავრობა ამერიკის ჯარის დატოვებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მაინც გაუძლებდა თალიბანის ზეწოლას. საბოლოო მოსაზრების მიხედვით კი, ქაბულის მთავრობა შესაძლოა 6-12 თვის შუალედში დაეცეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 25 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვდება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. 

თალიბანის დაწინაურების გამო, აშშ ჯარების გაყვანის შენელებას და ბაგრამის ავიაბაზის დროებით შენარჩუნებას განიხილავს. 

კომენტარები