ავღანეთი

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ავღანეთში ჯარისკაცებს დიდი ბრიტანეთიც გზავნის 

ავღანეთში სიტუაციის გამწვავებისა და თალიბანის მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების ფონზე, აშშ-ს გარდა, მოქალაქეებისა და დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის მიზნით 600 ჯარისკაცს გაერთიანებული სამეფოც გზავნის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ბრიტანეთის 4 000-მდე მოქალაქე ჯერაც ავღანეთში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ პირებს ავღანეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საელჩოს პერსონალის უსაფრთხოდ გადმოყვანისთვის აშშ-ს თავდაცვის ძალები ავღანეთში 3 000 ჯარისკაცს გზავნის

თალიბები ქაბულიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით არიან და სწრაფი ტემპით განაგრძობენ ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აღებას. 

გუშინ თალიბებმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი დაიკავეს. რიგით მეორე ქალაქის, ყანდაარისთვის ბრძოლა ჯერაც გრძელდება და, სავარაუდოდ, ისიც თალიბანის ხელში გადავა. 

ამჟამად თალიბანი ქვეყნის თითქმის მესამედს აკონტროლებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მათ 14 რეგიონული დედაქალაქი დაიკავეს.   


ცოტა ხნის წინ თალიბანმა ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო. 6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის ვიზის ვალდებულებებს არ გააუქმებს ან შეამსუბუქებს.


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო.ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

 

კომენტარები