დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

HUMAN RIGHTS WATCH: 2021 წლის მაისში ჰამასის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები ომის დანაშაულია

ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW)-ის თანახმად, 2021 წლის მაისში ღაზის სექტორიდან ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები ომის დანაშაულია.

ორგანიზაციის გამოძიების თანახმად, თავდასხმები ომის კანონების აღმაშფოთებელი დარღვევაა.

ისრაელის ცნობით, 11-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4 360 რაკეტა ისროლეს. თავდასხმებმა 13 ადამიანი იმსხვერპლა. რაკეტების უდიდესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 260 ადამიანი დაიღუპა.

Humans Right Watch-ის ანგარიშის თანახმად, რაკეტებს, რომლებიც პალესტინურმა დაჯგუფებებმა გამოიყენეს, არ აქვთ სათანადო დამიზნების სისტემები, რის გამოც ისინი ძალიან არაზუსტია და განურჩეველ მსხვერპლს იწვევს, როცა მათ სამოქალაქო პირებით დასახლებული რეგიონებისკენ ისვრიან. HRW-ის ცნობით, ასეთი რაკეტებს გამოყენება სამოქალაქო რეგიონებზე თავდასხმისთვის ომის დანაშაულია.

"ჰამასმა უნდა შეწყვიტოს ისრაელის დარღვევებზე მითითებით გამართლება უკანონო სარაკეტო შეტევებისა, რომლებიც განურჩევლად კლავს და აზიანებს სამოქალაქო პირებს. ომის კანონები ყველა სამოქალაქო პირის ზიანისგან დაცვისთვის არსებობს." - თქვა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ერიკ გოლდშტეინმა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ჰამასის ნასროლი რაკეტების ნაწილი პალესტინაში ჩამოვარდა და უცნობი რაოდენობის ადამიანი დააზიანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის ნასროლი რაკეტებიდან 680 ღაზის სექტორში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ისრაელის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 91 ადამიანი დაიღუპა.

გასულ თვეს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ისრაელის სამი საჰაერო შეტევა ასევე ომის დანაშაული იყო. ორგანიზაციის გამოძიების თანახმად, ამ შეტევების შედეგად 62 სამოქალაქო პირი დაიღუპა და შეტევის სამიზნის სიახლოვეს სამხედრო მნიშვნელობის ობიექტები არ იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, რომ ღაზის სექტორში ისრაელი მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობის სამიზნეებს ესხმოდა თავს და სხვადასხვა ხერხით ცდილობდა სამოქალაქო მსხვერპლის შემცირებას. 


2021 წლის 10 მაისს სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღე გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს შეთანხმდნენ.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

კომენტარები