შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბრიტანეთის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ შეთანხმებიდან ოცნების ცალმხრივად გასვლის გამო

The Times of Israel

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ შეშფოთებულები არიან მმართველი პარტიის მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილებით.

განცხადებაში ასევე ნახსენებია 5 ივლისის მოვლენები, როდესაც პუტინისტური ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამო, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება. 

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის მიმართ.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. 

გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად", - წერია განცხადებაში.

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

კომენტარები