კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ

კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას მოპედის მართვისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

კანონპროექტის მიხედვით, არაფხიზელ მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის დროს კი - 500-ის ნაცვლად, 1 500 ლარით.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. პირველად ვერსიაში ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 300 ლარი იყო.

"მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება შევა ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა". – წერია პარლამენტის განცხადებაში. 

ასევე, გუშინ, 26 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება. მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება. 


2021 წლის მაისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ, შესაძლოა, მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება მალე გამხდარიყო სავალდებულო.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხდება მოპედების კონტროლი ვიდეოკამერებით და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

"ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები". – თქვა 2021 წლის მაისში ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები