კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.

"კანონპროექტი გულისხმობს მოპედების რეგისტრაციას". – თქვა კანონპროექტის წარდგენის დროს ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.

"მოგეხსენებათ, მოპედის მართვისთვის სპეციალური მართვის მოწმობა საჭირო არაა. ნებისმიერ პირს შეუძლია, შეიძინოს მოპედი და მართოს. მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება, ჩაფხუტის ხმარებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული. თუმცა სხვა ტიპის რეგულაციები მოპედებზე არ გვხვდება. წარმოდგენილი კანონით, დირექტივის შესაბამისად ხდება ახალი კატეგორიის AM-ის დამატება. ამ კატეგორიაში გავა ყველა მოპედი, გარდა ამისა, ემატება A2 კატეგორია – საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები. დღეს ეს A კატეგორიაში გადის და დირექტივის მოთხოვნით ცალკე კატეგორია ემატება. მოპედების მართვის საშუალება ექნებათ მათ, ვისაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას. მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული შეღავათებიც იქნება. რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა 18 წლიდან იქნება შესაძლებელი". – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

ასევე, ალექსანდრე დარახველიძემ ახსენა, რომ მათ, ვისაც მართვის მოწმობა 18 წლამდე აქვთ აღებული, შეეძლებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა და მძღოლად ან კურიერად მუშაობა.

"18 წლამდე ასაკის პირებს დღეს მართვის მოწმობის აღების უფლება აქვთ, მაგრამ მათ ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. ეს შეზღუდვა წარმოდგენილი კანონპროექტით იხსნება და იმ პირებს, ვინც მართვის მოწმობა 18 წლამდე აიღეს, ექნებათ კურიერად თუ მძღოლად მუშაობის უფლება". – თქვა დარახველიძემ.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.


2021 წლის მაისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ, შესაძლოა, მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება მალე გამხდარიყო სავალდებულო.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხდება მოპედების კონტროლი ვიდეოკამერებით და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

"ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები". – თქვა 2021 წლის მაისში ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები