კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.

"აღნიშნული ცვლილებების [მართვის მოწმობის აღება რეალურ პირობებში] შემდეგ, ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჩნდება საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში გადაცვლა... დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, რასაც მართვის მოწმობის მსურველები დღეს გადიან, დამატებით მას მოუწევს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მარშრუტზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება" – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

როგორც დარახველიძე ამბობს, ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მოხდება გამოცდის პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

"რათა არ გაჩნდეს რაიმე კითხვები გამოცდის პირობებში ჩვენ შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება გამოცდის სრული ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება. თუკი გამოცდის შედეგები კონკრეტული მხარის მხრიდან გასაჩივრდება, მას საშუალება ექნება, რომ გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს" – თქვა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეეხო მართვის მოწმობის ასაღები გამოცდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობასაც.

"ვინაიდან ხდება ახალი მომსახურების დაწესება, კანონში უნდა მოხდეს შესაბამისი ღირებულებების განსაზღვრა. ვინაიდან პრაქტიკული გამოცდის ახალი კომპონენტი დაემატა, განისაზღვრა, რომ B და BE კატეგორიისთვის ეს იქნება 90 ლარიანი გადასახადი, თუმცა დანარჩენი გადასახადი, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და მის დახურულ სივრცეში ჩატარებასთან, ამ შემთხვევაში თანხა არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება, რომლის სანაცვლოდაც ადამიანს, რომელსაც გამოცდის გავლა სურს, შეეძლება გაიაროს პრაქტიკული გამოცდა და დახურულ მოედანზე მისი ჩაბარების შესაძლებლობა 5-ჯერ ექნება. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, რეალურ, ანუ ქალაქის პირობებში გადასახადი წესდება 150 ლარის ოდენობით და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში თუკი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას საშუალება ექნება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე". – დაამატა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დარახველიძის თქმით, მართვის მოწმობის B და BE კატეგორიებზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩატარება სავალდებულო 2022 წლის 14 მარტიდან იქნება, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე 2022 წლის 3 ოქტომბრიდან.

"რაც შეეხება რეალურ, ქალაქის პირობებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გადატანას, B და BE კატეგორიებისთვის სავალდებულო იქნება 2022 წლის 14 მარტიდან, მანამდე ძველი წესი იმოქმედებს. სხვა ყველა დანარჩენისთვის 2022 წლის 3 ოქტომბრიდან" – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამავე კანონპროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოპედებისა და საშუალო სიმძლავრის მოტოციკლების რეგისტრაციასთან და მათი მართვის მოწმობების აღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც შეეხო.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.

კომენტარები