კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ

ავტომობილებსა და საგზაო მოძრაობაზე საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტმა მიიღო

ტაბულა

ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძის თქმით,არ შეიძლება გზებზე ფარულად თვალთვალი. მისი შეფასებით, თვალთვალთან დაკავშირებული მინიშნებები უნდა არსებობდეს. ასევე, ტყემალაძე არ იზიარებს საჭესთან მობილურით საუბრის გამო არსებული ადმინისტრაციული ჯარიმის განაკვეთის გაზრდას. მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე ქვეყანა აიძულა, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

"მართალია, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენ, ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისკენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით გვაინტერესებს, ამგვარი აკრძალვა რაიმე წინააღმდეგობას გამოიწვევს თუ არა და რაიმე სასაყვედურო ხომ არ იქნება. გვინდა ევროინტეგრაციის კომიტეტმაც მოგვცეს დასტური, რომ აღნიშნული რეგულაციის მიღება საქართველოს რაიმე პრობლემას არ შეუქმნის, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. ამის გარდა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. 

კომენტარები