რიკ დემსის ვიზიტი

რიკ დემსი 5 ივლისზე: რაც პრესის მიმართ მოხდა, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება. დემსის თქმით, მომხდარი უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. 

"პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას. ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ თუ გინდა, დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.

მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება". – თქვა დემსმა პირველი არხის ცნობით. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოშია. დემსმა ოფიციალური შეხვედრები დღეს, 27 ივლისის დილიდან დაიწყო. ვიზიტი 28 ივლისს დასრულდება. დემსი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო ოპოზიციას. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები