ტელეგრამ-არზებზე გავრცელებული ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის ფარგლებშიც დაარტყეს ნავთობსაცავსა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პოდოლსკში ნავთობსაცავზე დარტყმის შემდეგ ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა.
ასევე ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინმაღაზია Wildberries-ის საწყობშიც. ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძარი შეკვეთების დამუშავების ცენტრზე დრონებით დარტყმამ გამოიწვია.
ამ ფონზე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონი გაუშვა. სობიანინის თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ 85 დრონი მაშინ ჩამოაგდო, როცა ისინი მოსკოვს უახლოვდებოდნენ.





