რიკ დემსის ვიზიტი

​ჯაფარიძე: დემსთან შეხვედრაზე მივუთითეთ, რომ ოცნებას ახასიათებს შეთანხმების უპატივცემულობა

ლელო

"ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც". – ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები, იგულისხმება შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ბატონი რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

აუცილებელია, იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუქა, სრულად განხორციელდეს". – თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოშია. დემსმა ოფიციალური შეხვედრები დღეს, 27 ივლისის დილიდან დაიწყო. ვიზიტი 28 ივლისს დასრულდება. 

კომენტარები