ჟურნალისტებზე ძალადობა

პოლიციამ ემა გოგოხიას უთხრა, რომ წულუკიანს ვერ მიუახლოვდება

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან.

"გამოკითხვის შემდეგ ეკიპაჟმა ოფიციალური განმარტება გააკეთა, რომ ისინი ვერ მიუახლოვდებიან მინისტრს და დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვასაც ვერ დაუსვამენ. გამოკითხვის ოქმს გადასცემენ კრიმინალურ პოლიციას და ისინი ჩაერთვებიან ამ ფაქტის გამოძიებაში". - ამბობს ემა გოგოხია. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ!  ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ".- წერს წულუკიანი FACEBOOK-ზე. 

კომენტარები