ოპერატორის გარდაცვალება

აშშ-ს ყოფილი ელჩები: ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

აშშ-ს ყოფილი ელჩებმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა და უილიამ კორტნიმ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრეს. 

უილიამ კორტნის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს, რომელიც ავტოკრატიული მთავრობებისთვის დამახასიათებელი ქმედებაა. 

"ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს.

ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ". – თქვა კორტნიმ.

ზედოზირებით გარდაცვალების მოსაზრებას არასერიოზულად მიიჩნევს კენეტ იალოვიციც. მისი თქმით, ლაშქარავას გარდაცვალება პუტინისტი ორკების მიერ სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული. 

"მე ექიმი არ ვარ, მაგრამ, როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა.

როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების ? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს ?". – თქვა იალოვიცმა. 


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

კომენტარები