ავღანეთი

თალიბანმა პაკისტანის საზღვართან მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქი და სავაჭრო პუნქტი დაიკავა

თალიბანის წევრები

თალიბანი აცხადებს, რომ მათ პაკისტანი-ავღანეთის საზღვარზე მნიშვნელოვანი პუნქტი დაიკავეს. 

რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, ავღანეთის ეროვნული არმიის ძალები თალიბანს დანებდნენ და ისლამისტურმა დაჯგუფებამ პაკისტანისა და ავღანეთის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი პუნქტი, ვეშის დასახლება დაიკავა. ვეში კანდაჰარის პროვინციაში მდებარეობს. 

პაკისტანის საზღვართან, დურანდის ხაზთან მყოფი დასახლების დაკარგვის დადასტურება თავდაპირველად ავღანეთის მთავრობამ ვერ შეძლო. 

"მუჯაჰედებმა მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი, ვეში დაიკავეს კანდაჰარის პროვინციაში. ამით მნიშვნელოვანი გზა ქალაქ ბოლდაკს, ჩამანსა და კანდაჰარს შორის მუჯაჰედების კონტროლქვეშაა". – ამბობს თალიბანის სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი. 

ავღანეთის მთავრობის ანგარიშების მიხედვით, პუნქტის გავლით, რომელიც თალიბანმა დაიკავა, პაკისტანიდან დღეში 900 სატვირთო მანქანა შედიოდა.

გასულ კვირაში თალიბანმა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე მთავარი პუნქტი დაიკავა. ირანულმა მედიებმა ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც თალიბანის წევრები დაკავებულ გამშვებ პუნქტზე აღმართულ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროშას ხსნიან. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები