ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთ-ირანის მთავარი სასაზღვრო პუნქტი დაიკავა [VIDEO]

თალიბანმა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე მთავარი პუნქტი დაიკავა. ირანულმა მედიებმა ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც თალიბანის წევრები დაკავებულ გამშვებ პუნქტზე აღმართულ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროშას ხსნიან. 

სასაზღვრო პუნქტი ქალაქ ისლამ-ქალაში, ჰერათის პროვინციაში მდებარეობს. ავღანეთის მთავრობამ დაადასტურა თალიბანის მიერ ისლამ-ქალისა და ირანის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტის დაკავება. ისლამ-ქალა ავღანეთის მთავრობისთვის ირანთან სავაჭრო ურთიერთობების მთავარი მაკავშირებელი იყო. 

გამოცემა Aljazeera-ს თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების უწყების თანამშრომლებმა საზღვარი გადაკვეთეს და ირანში გადავიდნენ.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მათი ძალები პუნქტის დაბრუნების მცდელობისთვის ემზადებიან. 

შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთ-უზბეკეთის საზღვრის მიდამოებშიც, ბალხის პროვინციაში. 

პარალელურად, მოსკოვში ჩასული თალიბანის დელეგაცია აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის 85%-ს აკონტროლებენ და არავის მისცემენ საშუალებას, ავღანეთის ტერიტორია მეზობლების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

ბოლო კვირებში თალიბანმა შეძლო დაეკავებინა მნიშვნელოვანი გამშვები პუნქტები ირანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ჩინეთისა და პაკისტანის საზღვრებზე.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები