ოპერატორის გარდაცვალება

კალოიანი ლაშქარავაზე: ამ მედიკამენტების სისხლში არსებობა პროფესიულად არაფრისმთქმელია

მთავარი არხი

ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ  კალოიანი ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე საუბრისას ამბობს, რომ სისხლში აღმოჩენილი მედიკამენტების არსებობა არაფრისმთქმელია, რადგან ლაშქარავა საავადმყოფოში იწვა და ტკივილის ინტენსიური გაყუჩება სჭირდებოდა.

"ის მედიკამენტები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის ერთი ტკივილგამაყუჩებელი, ერთი არის მისი დეგრადაციის პროდუქტი, ერთი არის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტკივილის მართვის შემთხვევაში, ანუ, თავისთავად, ამ მედიკამენტების არსებობა სისხლში, მითუმეტეს, პაციენტში, რომელიც რამდენიმე დღის  წინ საავადმყოფოში იწვა და საკმაოდ ინტენსიურ ტკივილგაყუჩებას საჭიროებდა, არაფრისმთქმელი არ არის პროფესიული თვალსაზრისით.

ამ ჩამონათვალის მერე დასკვნის გაკეთება, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ არაპროფესიულია. აღსანიშნავია, რომ განცხადებას არ აკეთებს ექსპერტიზის ბიურო - არც წერილობით, არც სიტყვიერს და ისინი უფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას და ასეთ არასერიოზულ საკითხზე არასერიოზულ ინტერპრეტაციას არ იძლევიან". – ამბობს კალოიანი მთავართან ინტერვიუში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები