ოპერატორის გარდაცვალება

კალოიანი ლაშქარავაზე: ადრეულ ეტაპზე ამ ინფორმაციით პროფესიულ მსჯელობაში შესვლა სპეკულაციაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას ამბობს, რომ ადრეულ ეტაპზე იმ ინფორმაციით, რაც არსებობს, პროფესიულ მსჯელობაში შესვლა სპეკულაციაა.  

კალოიანი ამბობს, რომ განცხადება წინასწარი სავარაუდო დასკვნის შესახებ გარდაცვალებიდან 48 საათის განმავლობაში კეთდება - მისივე სიტყვებით, ამ პერიოდში სამედიცინო ექსპერტიზას მხოლოდ კითხვები შეიძლება გაუჩნდეს. 

"დაახლოებით 1 თვე არის ის გონივრული ვადა, რა პერიოდშიც შეიძლება საუბარი წინასწარ, პირველად დასკვნებზე. დააკვირდით, ვინ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, ეს იყო პოლიციის მაღალჩინოსანი და არცერთი განცხადება, არც წერილობით, არც სიტყვიერად არ გაუკეთებია ექსპერტიზის ბიუროს. არც ექსპერტიზის ბიუროს თანმშრომლებს, არც ალტერნატიულ ექსპერტს, იმიტომ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით რაიმე მსჯელობა, რაიმე შედეგზე, ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი. შეიძლება, მხოლოდ კითხვები გაიზარდოს.  

რაზე მიგვითითებს ამ მედიკამენტების არსებობა? იქ არის მორფინი, მისი დაშლის პროდუქტი, არის ფსიქოტროპული ნივთიერება, არის ერთი, რომელიც გამოიყენება ტკივილის დროს, არის კანაფის შემადგენელი ნივთიერება". – ამბობს კალოიანი მთავართან ინტერვიუში.

ვახტანგ კალოიანის ინფორმაციით, ჩამოთვლილი ნივთიერებების არსებობა არაფერს ნიშნავს, თუ არ არის გარკვეული მისი კონცენტრაცია, ქსოვილებში, ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებში, პერიფერიაზე განაწილება და ა.შ.

"თუ ჩვენ ეს არ გავარჩიეთ, მაშინ ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოვთქვამთ. ჩემი მხრიდანაც კი რაიმე პროფესიულ მსჯელობაში შესვლა იმ ინფორმაციით, რაც  გვაქვს და თან ასე ადრეულ ეტაპზე, იქნება სპეკულაცია. 

მესამე არის თავად ის მულტფილმი, რომელიც ვნახეთ ამ პერიოდის გამავლობაში - იქ რამდენიმე აქცენტია, რომ არის ვიღაც მეგობარი, რომელიც ეძებს ნალოქსონს მთელ ქალაქში, ეს ახალგაზრდა კაცი რამდენჯერმე კარგავს გონებას, ცუდად ხდება, მერე ისევ კარგად ხდება, მერე ამდენ პერიპეტიაგადატანილი მთელ ქალაში აგროვებს ნარკოტიკს და დილით იღუპება. აქ არის ერთი უმნიშვნელო, თუმცა სახასიათო დეტალი- დავუშვათ, ეს ახალგაზრდა არის მომხმარებელი. დღეს საქართველოში ყველა მომხმარებელმა იცის, რომ კლინიკაში მიმართვა მას არანაირ საფრთხეს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში არ წარმოშობს, რადგან ექიმს არ აქვს ვალდებულება, ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გადასცეს შსს-ს. ეს ადრე იყო, ერიდებოდნენ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით მოსვლას კლინიკაში და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ვამბობთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი მომხმარებელია, ყველამ იცის, რომ მას შეუძლია, მივიდეს კლინიკაში, მიიღოს დახმარება და კლინიკის მხრიდან არ მოხდება ინფორმირება. ეს 3 მარტივი დეტალიც კი საკმარისია, რომ თავი შევიკავოთ ინფორმაციის პროფესიული განსჯისგან". – ამბობს კალოიანი.   

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები