ოპერატორის გარდაცვალება

"ნახევარ დღეში 3-ჯერ ზედოზირების ვერსია სამედიცინო აბსურდია" – გეგეჭკორი ლაშქარავაზე

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი, ნანა გეგეჭკორი TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს, რომ ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების ვერსია არის აბსურდული სამედიცინო კუთხით. ამასთან ერთად, ის გმობს სახელმწიფოს ქმედებებსაც და ბრალს სდებს ოპერატორის გარდაცვალებაში.

"დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დარჩენილიყო ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.

ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ, ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.

P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენალი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა რომ არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით". – წერს ნანა გეგეჭკორი.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები