პრაიდის კვირეული

ბოკერია 5 ივლისზე: საფრთხეს უქმნის შანსს, საბოლოოდ მოვწყდეთ პოსტსაბჭოთა პუტინისტურ ჭაობს

გიგა ბოკერია
ტაბულა

"საფრთხეს უქმნის შანსს, საბოლოოდ მოვწყდეთ პოსტსაბჭოთა ჭაობს". – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია 5 ივლისს ორკების მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას. 

"ღია დემონსტრირება იყო პირველად ამ მასშტაბით და ასე მკაფიოდ ძალების, რომელშიც შედის, საუბედუროდ, მთავრობა, მასთან კონტრაქტით დაკავშირებული სიძულვილის პუტინისტური ჯგუფები და სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი, საპატრიარქოს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ რამდენიმე მაღალი სასულიერო იერარქიც იყო, რომელმაც ცივილიზებული პოზიცია დააფიქსირა, ოღონდ არ შეიძლება ამას ამოვეფაროთ და არ ვთქვათ, რომ, საერთო ჯამში, ეს ინსტიტუცია იყო ამ უბედურების უაქტიურესი ნაწილი. 

ამათი საერთო კონტრაქტის ამოცანა ივანიშვილის გარემოცვისთვის, შესაძლოა, არის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, მე უფრო შორს არ შევდივარ, რომ მას უნდა, ასე იყოს - თუმცა, ესეც საკმარისია, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ამ კონტრაქტზე მიდის. სხვა ძალების პირდაპირი კავშირი არსებობს პუტინის რუსეთთან, აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობასთანაც". – ამბობს ბოკერია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართულ ოცნებას სურს, ძალაუფლება ნებისმიერ, მათ შორის, ქვეყნის მომავლისა და გარე მტრის ინტერესების ფასად შეინარჩუნოს. 

"ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი, რომელიც ამ მონაკვეთში გვაქვს - საბოლოოდ მოვწყდეთ პოსტსაბჭოთა პუტინისტურ ჭაობს და თავისუფალი სამყაროს წევრები გავხდეთ, უნდა წაგვართვან, უნდა დავკარგოთ. ეს დიდი რისკია. 

არ მინდა, პათეტიკური სადღეგრძელო გამომივიდეს, მაგრამ ჩვენი, ყველა მოქალაქის ვალია, ვისაც ეს გააზრებული აქვს და ამის სჯერა, რომ ამისთვის ბრძოლაზე უარის თქმის უფლება არავის არ აქვს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის, ქვეყნის შიგნით ყველა ადამიანის თავისუფლება, ღირსება, უფლება, რომ იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი გაქვს, რომ ეს ისტორიული მისია შეასრულო, ყველას ვალია, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვიყოთ აქტიურები და გვქონდეს მკაფიო პოზიცია. ასევე, ყველაზე რთულ ვითარებაში, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნის შიგნით და, რა თქმა უნდა, შევცვალოთ ხელისუფლება. [...] ასეთი ხალხი ყველგან არსებობს, ისინი ძალადობას მიმართავენ ხოლმე, ოღონდ, დალაგებულ ქვეყანაში არის მთავრობა და საზოგადოების კრიტიკული ნაწილი შემაკავებელ ეფექტს ახდენს - ამ ხალხმა იცის, რომ დაიჭერენ". – ამბობს გიგა ბოკერია ფორმულასთან ინტერვიუში.  

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავდნენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებების 100 წევრი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 – ბრალდებულის სახით დააკავა.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები