რუსეთი

მოსკოვში ვაქცინა "კოვივაკი" ამოიწურა

RBK

მოსკოვში კორონავირუსის ვაქცინა კოვივაკი გაუთავდათ. ვაქცინა კოვივაკი რუსეთში რეგისტრირებული კორონავირუსის ოთხი ვაქცინიდან ერთ-ერთია. ქვეყანაში ვაქცინაციისთვის უფრო აქტიურად სპუტნიკ V გამოიყენება. კოვივაკი მიხაილ ჩუმაკოვის სახელობის იმუნობიოლოგიური პრეპარატების კვლევისა და შემუშავების სამეცნიერო ცენტრმა შექმნა.

ვაქცინის დოზების ამოწურვასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია მოსკოვის მერიის საიტზე გამოქვეყნდა.

"ამ პრეპარატით აცრაზე ჩაწერა შეჩერებულია. მოსალოდნელია ვაქცინის შემდეგი პარტიის მიწოდება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ". – ნათქვამია განცხადებაში.

კოვივაკის ვაქცინა მოსკოვში შეზღუდული რაოდენობით მიაწოდეს იმუნიზაციის ცენტრებს. ეს ვაქცინა მხოლოდ 5 ობიექტზე იყო ხელმისაწვდომი.

ჩუმაკოვის კვლევით ცენტრში თქვეს, რომ ვაქცინის წარმოება და მიწოდება გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

"ივნისის ბოლომდე ჩვენ შევქმნით და დავაგზავნით ვაქცინის დაპირებულ მილიონ დოზას". – უთხრა TASS-ს ცენტრის წარმომადგენელმა.

კომენტარები