ზაზა გახელაძე

ზალკალიანი: არ დარჩა საერთაშორისო ფორმატი, სადაც გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ. არ დარჩა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით". – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხის დასაყენებლად ყველა შესაძლო რესურსს იყენებს, თუმცა საქმე გვაქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელიც არ იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

"ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ეუთოს მუდმივ საბჭოზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე და ეს ყველაფერი არის ასახული შესაბამის გადაწყვეტილებებში. ასევე, ჟენევის ფორმატში თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის ფორმატის მომავალი რაუნდი და აქაც მწვავედ იქნება დაყენებული ეს საკითხი. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მას არაფრად არ უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინება". – თქვა ზალკალიანმა

ზალკალიანის თქმით, გახელაძის ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურები არიან აქტიურად ჩართულები, რათა ოკუპანტების მხრიდან არ მოხდეს აქციებით სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და გახელაძის გათავისუფლების საკითხის გართულება.

"ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, პროვოკაცია არ გამოიწვიოს, იმიტომ, რომ პროვოკაციამ შეიძლება მისცეს შემდგომი ზემოქმედების და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იმავე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის". – ამბობს ზალკალიანი.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. დროას ინფორმაციით, 23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

კომენტარები