სასამართლო კლანი

ოხანაშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე: კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ

ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი, ეხმიანება აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი. 

საპასუხოდ ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს. 

"ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია მეგობრებთან და მომავალშიც გვექნება. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ".- ამბობს ოხანაშვილი და აღნიშნავს, რომ "კონსტიტუციის პატივისცემა ყველას მართებს". 

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება.  

 

კომენტარები