სასამართლო კლანი

NGO-ები: იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმას

thestateweekly.com

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოსამართლეების უვადოდ არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. 

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.

TI მიიჩნევს, რომ არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა. 

"დღესდღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდ არსებული ვაკანსიების უმეტესობა, როგორც წესი, კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების  პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს. 

ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით,  კიდევ უფრო ზიანდება  ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.[4] 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე".- აღნიშნულია განცხადებაში.

TI აცხადებს, რომ სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში, შესაძლებელია, ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

"ცხადია, ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები".- წერია განცხადებაში.

TI იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება;

ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

ხელმომწერი ორგანიზაციებია: 

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

დღეს, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. 

 

 

კომენტარები