პოლიტიკური დევნა საქართველოში

სტრატეგია აღმაშენებელი: მოგვწერა პედაგოგმა – პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, სუიციდს გეგმავს

neatoday.org

სტრატეგია აღმაშენებლის ინფორმაციით, პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ერთ-ერთმა პედაგოგმა წერილით მიმართა, რომელშიც მოქალაქე ამბობს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მუქარის შემცველ წერილებს იღებს. პარტიის ცნობით, წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ის სუიციდის მცდელობაზე საუბრობს. 

ამ საკითხზე სტრატეგია აღმაშენებლის  პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ პროკურატურას წერილით მიმართა.

"გიორგი ვაშაძეს მომართა მოქალაქემ წერილით, რომლის შინაარსიც იყო საკმაოდ ემოციური. საყურადღებოა, რომ პედაგოგი აღნიშნავს მის პოლიტიკურ დევნილობაზე. ის გაათავისუფლეს და გამოაძევეს სასწავლო დაწესებულებიდან, რის გამოც არის სუიციდის ზღვარზე და აცხადებს, რომ სხვადასხვა სახემწიფო ორგანოებისგან ის იყო დევნის მსხვერპლი, იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს და ჰქონდა შეგრძნება, რომ მას ავიწროვებდნენ.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რომ დავიცვათ ეს ადამიანი. მივმართეთ შესაბამის ორგანოს წერილით, რათა მოხდეს ამ პიროვნების გადარჩენა და მის მიმართ შეწყდეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შევიწროვება და უფლებების დარღვევა. ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვიკვირს ადამიანების მიმართ მუქარის შემცველი წერილები, მათი შევიწროვება და უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით კი მასწავლებლების, დირექტორების მიმართ, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო იდევნებიან. შესაბამისად, ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ ამ ადამიანის და ადამიანების საქმეებს, უსამართლოდ გათავისუფლებას სასწავლო დაწესებულებებიდან, გავყვეთ ბოლომდე, გამოვიძიოთ, თუ რა მოხდა და ამის შემდეგ შევძლოთ მათი დახმარება". – ამბობს ნანა ტოხვაძე.

ტაბულა პროკურატურას დაუკავშირდა, უწყებამ წერილის მიღება დაადასტურა, თუმცა, ჯერჯერობით, დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობენ.

 

კომენტარები