პოლიტიკური დევნა საქართველოში

ვოკერი: საქართველოს ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო ოპოზიცია, რომ გაასამართლოს

ირაკლი ბლუიშვილი / ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის NATO-ში კურტ ვოკერის შეფასებით, "ბოლო წელია, საქართველოში ვხედავთ ხელისუფლებას და სასამართლოს, რომლებიც მიზანში იღებენ ოპოზიციას იმისთვის, რომ გაასამართლონ, ნაცვლად იმისა, რომ ნება მისცენ გამოძიებას და მართლმსაჯულებას, წარმართონ პროცესები". როგორც ვოკერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, საქართველოში ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ხალხს ჯერ იჭერენ, შემდეგ ბრალს წარუდგენენ და შემდეგ იწყებენ გამოძიებას. მისივე თქმით, ძალიან ბევრს ადამიანს, არ უნდა საქართველო NATO-სა და ევროკავშირში, "პოლიტიკური დევნის აღქმა კი, იძლევა მყარ საფუძველს, გაამართლონ, თუ  რატომ არ უნდა აღვიქვათ საქართველო სერიოზულად და რატომ არ უნდა მივცეთ მას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობა".

"არავინ ამბობს იმას, რომ კანონდარღვევა და კორუფცია არ უნდა გამოიძიონ, არ უნდა გახადონ საჯარო და არ აგებინონ პასუხი დამნაშავეს. არავინ ამბობს, რომ ეს არ უნდა მოხდეს. მაგრამ საქართველოში ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ხალხს ჯერ იჭერენ, შემდეგ ბრალს წარუდგენენ და შემდეგ იწყებენ გამოძიებას. ეს უკუღმართობაა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით კეთდება, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას ემსახუროს. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრ ხალხს აშფოთებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხვდება, რომ ჩვენ ყველანი საქართველოსადმი ისეთივე ერთგულები ვართ, როგორებიც ვიყავით. გასული 10 წლის მანძილზე ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ ვხვდებოდით ადამიანებს, ვხედავდით როგორ ვითარდებოდა ქვეყანა და დიდ იმედებს ვამყარებდით მასზე. სწორედ ამიტომ გვწყინს, რომ რაც ხდება, ძალიან ჰგავს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალისხმევას - ბრალდებულის სკამზე დასვათ ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს" - აცხადებს ვოკერი და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე შეერთებული შტატების გზავნილები მისდის.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ისმენენ. მაგრამ გზავნილები მისულია. ეს ერთი. მეორე ასპექტიც არსებობს, რაც დიდი თავსატეხია, როგორც ჩემი უნგრული გამოცდილება მკარნახობს - შიდა პოლიტიკის ყველა მხარეს უნდა ამერიკის ხელისუფლება მის მხარეზე ამყოფოს. უნგრეთში ასე იყო, ფიდასს ეს სურდა, როდესაც ოპოზიციაში იყო, სოციალისტებსაც იგივე, ბაინაიც ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების ფავორიტი იყო. ეს გასაგებია - ყველას სურდა ამერიკის ფავორიტობა. სამწუხაროდ, ეს შეერთებულ შტატებს აიძულებს, ზედმიწევნით მოერიდოს მხარის დაკავებას შიდა პოლიტიკაში. გზავნილები გავუშვით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვფრთხილობდით - ისე არ გამოჩენილიყო, თითქოს ნაციონალური მოძრაობის, ან ქართული ოცნების მხარეს ვართ. სამწუხაროდ, ეს საშუალებას აძლევს ვიღაცეებს, ანგარიში არ გაუწიონ ამ გზავნილებს" - თქვა კურტ ვოკერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში და დასძინა, რომ "ჩვენ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და იყოს ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, საბაზრო ეკონომიკას, ჩვენ გვინდა საქართველომ იმოძრაოს ევროატლანტიკური მიმართულებით  -  ნატოსკენ, ევროკავშირისკენ. ბევრ ქვეყანას ჰქონია პრობლემა სასამართლოსთან მიმართებით, კორუფციასთან მიმართებით. ამ პრობლემებზე შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან მოუწია მუშაობა". 

კომენტარები