კრიპტოვალუტა

სალვადორი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბიტკოინის ვალუტად და საგადასახადო საშუალებად მიიღებს 

სალვადორის პრეზიდენტი, ნააიბ ბუკელე

სალვადორი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც ბიტკოინს ლეგალურ ვალუტად და საგადასახადო საშუალებად მიიღებს. გარდა ამისა, იგეგმება კრიპტოვალუტის სახაზინო სარეზერვო აქტივად გამოიყენება. 

სალვადორის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს თქმით, ოფიციალური კანონპროექტი კონგრესს მომავალ კვირას წარედგინება. 

სალვადორში ბიტკოინს არ დაუწესდება კაპიტალზე მოგების გადასახადი, რადგან ის ვალუტის სტატუს მიიღებს და არა აქტივის ან ფასიანი ქაღალდის.

ბიტკოინის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სალვადორი კომპანია Strike-თან ითანამშრომლებს. 

Strike-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ მალერსის თქმით, ბიტკოინი ერთადერთი რეალური გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სალვადორია, სადაც ეკონომიკა სუსტია, საფინანსო სისტემები განუვითარებელი და მოსახლეობა ღარიბი. 

სალვადორის 6.5-მილიონიანი მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საბანკო ანგარიში და არ შეუძლია საფინანსო სერვისებით სარგებლობა. ქვეყნის მშპ-ის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე მოდის.  

მალერსის განმარტებით, კრიპტოვალუტა სალვადორს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, რადგან დეცენტრალიზებულ საფინანსო სისტემებს შეუძლიათ ტრადიციული საბაკო სისტემების ჩანაცვლება, ბიტკოინს კი – ოქროსა და ფულის. 

"ბიტკოინი საუკეთესო სარეზერვო აქტივი და მონეტარული ქსელია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ბიტკოინის ქონა განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს სავალუტო შოკებისა და ფიატური ფულის ინფლაციისაგან თავის დაცვის საშუალებას აძლევს". – თქვა მალერსმა მაიამიში გამართულ ბიტკოინის კონფერენციაზე. 

"ეს გარდაუვალი იყო, ბიტკოინის სტანდარტი უკვე აქაა. სალვადორი პირველი სახელმწიფოა, თუმცა არა უკანასკნელი, რომელიც ბიტკოინს ლეგალურ საგადასახადო საშუალებად აღიარებს".  – თქვა ადამ ბექმა, Blockstream-ის დირექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ ადამ ბექი საიფერპანკ მოძრაობის წევრია და კრიპტოვალუტის ერთ-ერთი იდეოლოგიური მამა, თავად ბიტკოინი, გარკვეულწილად, მის ნაშრომებზეა დაფუძნებული. 


მაიამიში გამართულ ბიტკოინის კონფერენციაზე ქალაქის მერმა, ფრანცის სუარესმა თქვა, რომ მაიამი ბიტკოინის დედაქალაქი უნდა გახდეს. 
 

2021 წლის ბიტკოინის კონფერენცია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის: Twitter-ის დამფუძნებელი, ჯერ დორსი, MicroStrategy-ის CEO მაიკლ სეილორი, Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელი ანტონი პომპლიანო და Galaxy-ის დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი. 

გარდა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მხარდამჭერი კონგრესმენები და პოლიტიკოსები, კერძოდ, სინტია ლუმისი, უორენ დევიდსონი, ბრაიან ბრუკსი და კრისტოფერ ჯანკარლო. 

კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ ეთერიუმისა და კარდანოს დამფუძნებლები, ვიტალიკ ბუტერინი და ჩარლზ ჰოსკინსონი. 


უკანასკნელ პერიოდში ამერიკის ზოგიერთ შტატში კრიპტოვალუტისადმი მხარდაჭერა აქტიურად იზრდება, განსაკუთრებით კი ტეხასში, ფლორიდაში, ოჰაიოში, უაიომინგსა და კოლორადოში. 

ტეხასის შტატის გუბერნატორს, გრეგ აბოტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ბიტკოინის მხარდამჭერია და ყველანაირად ხელს შეუწყობს ტეხასში კრიპტოვალუტის მაინინგისა და მოხმარების ხელშეწყობას. 

"ტეხასი ბიტკოინის მაინერებისთვის მექად იქცევა". – თქვა მან.


კომენტარები