ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველზე: რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე?

"რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე?" - ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეშვებაზე.

"არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტიურად, ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა. 

მე რატომ უნდა შემოვუშვა? თქვენ თუ თქვენს შვილებთან არ შეუშვებთ და არ გაარყვნევინებთ საკუთარ შვილებს, ეს ბავშვები მე გავზარდე აქ, ჩემი შვილები არიან, რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე? ამას სიკვდილი მირჩევნია". - ამბობს მეუფე სპირიდონი ობიექტივთან ინტერვიუში.

2 ივნისს  ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები