ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვს აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ხელში შემოაკვდა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ანონიმურად საუბრობს, რა მდგომარეობა იყო პანსიონში.

ფორმულას ინფორმაციით ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, პანსიონში 15 წელს ცხოვრობდა. 19 წლის ბიჭი ყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ პანსიონში აღმზრდელს 6-7 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა. 

"ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ეტყობა, როგორ შემოაკვდა ხელში. ბავშვი მოკვდა. [...] ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პილიონკა და წაიყვანეს". - ყვება პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ასევე იხსენებს, რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები გინდ ჩემთან და გინდ სხვებთან მიმართებით. იქ იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი შიგნით ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

[გვცემდნენ] ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე, რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში". - ყვება ის.

ყოფილი ბენეფიციარის თქმით, მისი პანსიონში ყოფნის პერიოდში ბავშვების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ არ გაუგონია.

"იყო ფაქტები, როდესაც თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი ადრე იყო ნასამართლევი 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა, დაწვა", - თქვა მან.

ყოფილი აღსაზრდელი ასევე მოჰყვა, როგორც შეარქვა პედაგოგმა ერთ-ერთ ბავშვს ზედმეტსახელად "მოსიარულე ფსელი".

"იყო ერთი ამერიკიდან მოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძაან აბულინგებდნენ თუნდაც კანის ფერის გამო. იყო ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დაავადება ჰქონდა და იფსამდა 18 წლამდე და მერეც და თვითონ პედაგოგებმა შეარქვეს "მოსიარულე ფსელი" და შემდეგ მთელი ბავშვთა სახლში ასე ეძახოდა", - იხსენებს ის.


2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები