ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: გვცემდნენ საწოლის რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ

ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი იხსენებს, რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.

ფორმულას ინფორმაციით ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, პანსიონში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები გინდ ჩემთან და გინდ სხვებთან მიმართებით. იქ იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი შიგნით ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

[გვცემდნენ] ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.

ყოფილი ბენეფიციარის თქმით, მისი პანსიონში ყოფნის პერიოდში ბავშვების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ არ გაუგონია.

"იყო ფაქტები, როდესაც თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი ადრე იყო ნასამართლევი 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა, დაწვა", - თქვა მან.

ყოფილი აღსაზრდელი ასევე მოჰყვა, როგორც შეარქვა პედაგოგმა ერთ-ერთ ბავშვს ზედმეტსახელად "მოსიარულე ფსელი".

"იყო ერთი ამერიკიდან მოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძაან აბულინგებდნენ თუნდაც კანის ფერის გამო. იყო ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დაავადება ჰქონდა და იფსამდა 18 წლამდე და მერეც და თვითონ პედაგოგებმა შეარქვეს "მოსიარულე ფსელი" და შემდეგ მთელი ბავშვთა სახლში ასე ეძახოდა", - იხსენებს ის.


სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები