ნინოწმინდა

ბოკერია ნინოწმინდაზე: თავხედური ნაბიჯი ეკლესიის მესვეურთაგან, გამოწვევაა საზოგადოებისთვის

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ეს არის უმძიმესი სურათი, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ, ბუნებრივია, მშობლებს აქვთ ზოგადად ბავშვების ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება და ამაში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ბავშვები არ არიან მათი საკუთრება, ვინც მშობლების ნაცვლად არიან მეურვეები". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას. 

მისი თქმით, საზოგადოების ვალია, წნეხი მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომ მოახდინონ რეაგირება და ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. 

"საზოგადოებას ხელისუფლების და კანონის მეშვეობით და, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის მეშვეობით აქვს უფლება, იცოდეს, რომ ბავშვების უფლებები არის დაცული და ეს სახიფათოდ თავხედური ნაბიჯი იმ ეკლესიის მესვეურების მხრიდან, ვინც იქ სახალხო დამცველს არ უშვებს, არის პირდაპირი გამოწვევა ბავშვთა უფლებების და მთელი საზოგადოების მიმართ. მეორე მხრივ, მთავრობა, რომელიც ასეთ დროს არ იღებს იმ ზომებს, იმიტომ რომ პოლიტიკურად არ აწყობს და იმიტომ, რომ ამ შავრაზმელთა განწყობილებებთან თანხვედრაშია მათი მსოფლმხედველობა, ეს არის დამატებით საგანგაშო ამბავი. 

ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ, პირველ რიგში, წნეხი მოვახდინოთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებაზე, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონები, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები და ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. მე არ ვიძახი, რომ იქ ავტომატურად რაიმე ბრალეულობას აქვს თუ არა ადგილი, ოღონდ ეს დამოკიდებულება, რომ ფეხებზე გვკიდია კანონი, კონსტიტუცია, სამოქალაქო სახელმწიფო ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან, ვისაც ასეთი გავლენა აქვს და სახალხო დამცველს არ უშვებს, მერე უმოქმედობა მთავრობის მხრიდან, არის ძალიან საგანგაშო ამბავი, თუ სად მიაქანებს ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსოფლმხედველობრივი  თანამოაზრეები ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას". - ამბობს ბოკერია. 


გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები