ნინოწმინდა

პაპუაშვილი ნინოწმინდაზე: დარწმუნებული ვარ, იქ სათანადო პირობებია

"მე დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, იქ არის სათანადო პირობები, ამავდროულად მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა". – ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, არ უნდა მოხდეს მსგავს საკითხებზე აპელირება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს,  მხოლოდ სახელმწიფოს და სპეციალურ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მონიტორინგის საშუალება.

"რაც შეეხება ამ საქმეს, არ ვფიქრობ, სწორი იყოს ამ საქმეებზე აპელირება, ვინაიდან ეს არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გამოძიება მიდის და აქ რაიმე დასკვნების გამოტანა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და ამიტომაც აპელირებაც არასწორია. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს და არასრულწლოვანებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობა, არის შესაბამისი ინსტიტუტები, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს მონიტორინგი". – თქვა პაპუაშვილმა

გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები