რუსეთი

რუსეთის კულტურის მინისტრი და რამზან კადიროვი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ოლგა ლიუბიმოვა და რამზან კადიროვი
TASS

რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა და რამზან კადიროვი ჩეჩნეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმის თანაავტორები იქნებიან. ამის შესახებ კულტურის მინისტრი გამოცემა TASS-ს ჩეჩნეთში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უძველესი არქიტექტურული ძეგლებია განლაგებული, რომლებზეც სიმღერები და ლეგენდები გვიამბობს, რომლებიც ფერწერაშია ასახული. სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ არც კი იცის, სილამაზით და ისტორიით როგორი უნიკალური ადგილებია ამ რეგიონში. ამიტომ, ჩვენ რეგიონულ სპეციალისტებთან ერთად გვინდა, მოვაგროვოთ ინფორმაცია ამ ობიექტებზე და წარმოვადგინოთ ისინი დოკუმენტური ფილმის სახით". – თქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა.

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების თანახმად, რესპუბლიკაში ათასზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლებიც IX-X საუკუნეებით თარიღდება.

2020 წლის იანვარში, კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე  ოლგა იუბიმოვა ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მას 80-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის გადაღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის, პირველი არხისთვის, Россия-1-ისთვის და კულტურისთვის.

კომენტარები