აშშ

ფლორიდამ მიიღო კანონი, რომელიც სოციალურ მედიებს პოლიტიკოსების დაბლოკვას უკრძალავს

რონ დესანტისი
abcnew

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს სოციალურ მედიაზე პოლიტიკოსების დაბლოკვას უკრძალავს. კანონი ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

კანონის ფარგლებში, სოციალური მედიის პლატფორმებზე პოლიტიკოსების ანგარიშების მხოლოდ 14 დღით შეზღუდვაა ნებადართული. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, თითოეულ დღეზე კომპანიებს 250 000 დოლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

NetChoice-მა ტექნოლოგიური კომპანიების ლობისტურმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც Twitter-ი და Facebook-ი არიან, კანონპროექტის წინააღმდეგ ჩვენება მარტში მისცა.

გუბერნატორი დესანტისი აქტიურად აკრიტიკებს ტექნოლოგიურ კომპანიებს და ამბობს, რომ Twitter-ი, Facebook-ი, YouTube-ი კონსერვატორთა ხმებს ახშობენ.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი გაასაჩივრონ. ოპონენტები თვლიან, რომ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. 

NetChoice-ის აღმასარულებელი თავმჯდომარის, სტივ დებიანკოს თანახმად, კანონი სოციალურ მედიებს აიძულეს, ის კონტენტი დაუშვან პლატფორმაზე, რომელიც ჩვეულებრივ აკრძალული იქნებოდა.

6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სოციალურ მედიაში ვიდეომიმართვები გაავრცელა, რის შემდეგაც სოცმედიებმა, Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დროებით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაბლოკა. მოგვიანებით YouTube-მა ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა.

Twitter-მა, რომელსაც ტრამპი ყველაზე აქტიურად იყენებდა, მისი ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიის განმარტებით, ეს "ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო" მოხდა.

Tampa Bay Times-ის თანახმად, კითხვაზე კანონი დონალდ ტრამპის დასახმარებლად ხომ არ იყო გამიზნული, გუბერნატორმა უპასუხა, რომ "კანონი ჩვეულებრივი ფლორიდელებისთვისაა".

კომენტარები