დონალდ ტრამპი

ტრამპის Facebook-ის ანგარიში, სულ მცირე, ორ კვირას იქნება დაბლოკილი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის Facebook- და Instagram-ანგარიშები, სულ მცირე, ორი კვირით იქნება დაბლოკილი. ამის შესახებ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა სოციალურ მედიაში დაწერა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტისთვის ჩვენი სერვისის გამოყენების საშუალების მიცემის რისკი ძალიან დიდია. შესაბამისად, ბლოკი, რომელიც მის Facebook- და Instagram-ანგარიშების დავადეთ გახანგრძლივდება განუსაზღვრელი ვადით, სულ მცირე, ორი კვირით, მანამდე, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება" – წერს ზაკერბერგი.

ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ Facebook-მა წაშალა დონალდ ტრამპის ის პოსტები, რომლებიც, კომპანიის აზრით, ძალადობის წახალისებას და პროვოცირებას შეუწყობდა ხელს.

გუშინ, 6 იანვარს, Facebook-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდაჭერებს მიმართა, შემდეგ კი პრეზიდენტს 24 საათით Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებით სარგებლობა შეუზღუდა.

Facebook-ის წარმომადგენლის, გაი როსენის თქმით, ვიდეო შექმნილი "საგანგებო" ვითარების გამო წაიშალა.

"ეს არის საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ შესაბამის საგანგებო ზომებს, მათ შორისაა პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლაც. ჩვენ ის წავშალეთ, რადგანაც გვჯერა, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს" – წერდა როსენი Twitter-ზე.

დონალდ ტრამპს 12 საათით შეუზღუდა წვდომა ანგარიშზე Twitter-მაც.

ტრამპმა მიმართა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე:

"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ". – თქვა მან.

6 იანვარს აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. დაპატიმრებულია 52 ადამიანი.

 

კომენტარები