დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დღეს, 25 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლიკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში შეხვდა. მისი ვიზიტი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებას ემსახურება.

შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას და ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ღაზის დახმარებაში. მისი თქმით, ორივე მხარის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომლებიც საერთო უკეთესი მომავლისკენ მიიყვანენ. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა აქ მოსვლა ოთხი მიზეზის გამო დამავალა. პირველი, რომ ხაზი გაგვესვა აშშ-ს მხარდაჭერისთვის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. რომ ვიმუშაოთ უფრო დიდი სტაბილურობისთვის, შევამციროთ დაძაბულობა დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში. განვაგრძოთ პალესტინელ ხალხთან და მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობის ხელახლა შენება". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მიერ ღაზის სექტორში პალესტინელთა დახმარებით ჰამასი სარგებელს ვერ მიიღებს. ბლინკენის თქმით, დღეს, 25 მაისს აშშ პალესტინელთათვის დახმარების გეგმას გამოაცხადებს და პალესტინელ პარტნიორებთან ამერიკული მხარე უშუალოდ ითანამშრომლებს, რათა ჰამასმა სარგებელი ვერ ნახოს. 

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ბოლო ხანებში აშშ-ში ანტისემიტიზმის შოკისმომგვრელი შემთხვევები მოხდა, რაც საშინელებაა და უნდა შეწყდეს.

ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ისაუბრეს ჰამასის საფრთხეზეც და ისრაელის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დაჯგუფების მსგავსი თავდასხმების განმეორების შემთხვევაში, მათი პასუხი ძალიან მძლავრი იქნება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინურ მხარესთან ვიზიტისთვის გაემართა.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

17 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის 19 მაისს მეოთხე სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს ბაიდენმა უთხრა ნეთანიაჰუს, რომ  ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

20 მაისს გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 მაისს, სავარაუდოდ, შეთანხმება მოხდებოდა ისრაელსა და ჰამასს შორის.

აშშ, ეგვიპტე, კატარი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა ორივე მხარეზე ზეწოლას ცდილობდა, რათა ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე  მისულიყვნენ.

21 მაისს ისრაელსა და ჰამასს შორის მოხდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები