ნამახვანჰესი

დეგნანი ნამახვანზე: მნიშვნელოვანია, არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს და დააბალანსოს

EU Delegation Georgia

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობასა და საპროტესტო აქციებს ეხმაურება. დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საზოგადოების შეშფოთებას უსმენდეს და მათ უნდა დააბალანსონ ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. 

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად.

მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში". – თქვა დეგნანმა საზმაუს ცნობით. 

მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია 23 მაისს დაიწყო.

პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა 23 მაისს ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, შეუძლებელია, საკითხები განხილული იყოს ასეულობით ადამიანთან ერთად. კუჭავამ აქტივისტებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები