რამან პრატასევიჩის დაკავება

ევროკავშირმა ბელარუსის ელჩი დაიბარა

ალექსანდრ მიხნევიჩი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოთხოვნით ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო სანინომ, ბელარუსის ელჩი ევროკავშირში, ალექსანდრ მიხნევიჩი დაიბარა.  ევროკავშირმა დაგმო მინსკში Ryainair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავება.

"ელჩი მიხვენვიჩი ინფორმირებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ბელარუსის ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედების დაგმობის შესახებ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს". –ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გენერალურმა მდივანმა სანინომ ელჩს გააცნო ევროკავშირის პოზიცია, რომ ეს ქმედება ოპოზიციური ხმის ჩახშობის მორიგი უხეში მცდელობაა და ევროკავშირის მოთხოვნა - გათავისუფლდეს რამან პრატასევიჩი

ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას ევროპული საბჭო დღეს, 24 მაისს შეხვედრისას განიხილავს. ევროკავშირი განიხილავს ამ შემთხვევაზე საპასუხო მოქმედებებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომების მიღებს.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. გაერთიანება პრატასევიჩის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი ინციდენტს და მასზე საპასუხო მოქმედებებს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები