რამან პრატასევიჩის დაკავება

სტოლტენბერგი პრატასევიჩის დაკავებაზე: სახიფათო ინციდენტია, გამოძიებას საჭიროებს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მინსკში ავიალაინერის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. მან შემთხვევას "სახიფათო ინციდენტი" უწოდა და თქვა, რომ ის საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს.

"ახლოდან ვაკვირდებით მინსკში ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს". – დაწერა იენს სტოლტენბერგმა.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი  #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, რომ მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

 

კომენტარები