რამან პრატასევიჩის დაკავება

ბლინკენი: ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შემაშფოთებელ ქმედებას

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მინსკში ავიალაინერის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შემაშფოთებელ ქმედებას, კომერციული ფრენის [იძულებით] დაშვებას და ჟურნალისტის დაკავებას. მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და ვათანხმებთ შემდეგ ნაბიჯებს ჩვენს პარტნიორებთან. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელარუს ხალხთან ერთად." - წერს ბლინკენი.

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პრატესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპრატესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპრატესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები