ვაქცინაცია

COVID 19-ის ვაქცინით 101 415 ადამიანია აცრილი, მათგან ორივე დოზით – 15 874

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 101 415 ადამიანი აიცრა. მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა 15 874 მოქალაქემ მიიღო. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. ცნობისთვის, 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.

კომენტარები