აშშ-ირანის მოლაპარაკებები

აშშ-ირანი აცხადებენ, რომ ომის დასამთავრებლად და ჰორმუზის გასახსნელად შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თეირანმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამთვიანი ომის დამთავრებასთან და ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 

ამერიკული მედიის, NPR-ის ინფორმაციით, შეთანხმებაზე ხელის მოწერა 19 ივნისისთვის შვეიცარიაში იგეგმება, თუმცა, გამოცემა Times of Israel-ს დიპლომატიურმა წყარომ აცნობა, რომ შვეიცარიას ცერემონიის მასპინძლობასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა ჯერჯერობით არ მიუღია. 

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება უკვე დასრულებულია. გილოცავთ ყველას!" – დაწერა ტრამპმა 14 ივნისს Truth Social-ზე.

თავის მხრივ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ "მრავალთვიანი მოლაპარაკებების რთული და ინტენსიური პერიოდის შემდეგ" შეთანხმება მიღწეულია.

NPR-ის მიხედვით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოსალოდნელია აშშ-სა და ირანს შორის ერთმანეთზე თავდასხმების საბოლოო შეწყვეტა, ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლის დასრულება და ჰორმუზის სრუტეზე ორმხრივი ბლოკადის მოხსნა.

"მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები. დაე, ნავთობმა თავისუფლად იდინოს." – დაამატა ტრამპმა კვირას გავრცელებულ პოსტში.

ამის მიუხედავად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეთანხმება მოიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებას, რა პერიოდშიც დაიწყება მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დამთავრების მიზნით.

კომენტარები