საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

ზღუდერის ეკლესიის განადგურება არსებულ საგანგაშო ვითარებას გვიჩვენებს - ჩუბინაშვილის ცენტრი

ზღუდერის ეკლესია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ზღუდერის ეკლესიის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა.

განცხადების თანახმად, მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, რაც, ცენტრის თქმით, ნათელს ხდის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას.

"შაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია - VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.

კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.

ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან - დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები