ადგილობრივი მედიის ცნობით, ზვარტნოცის აეროპორტის სამართალდამცავებმა სომხეთის მეორე პრეზიდენტს, საარჩევნო ბლოკი "სომხეთის" ლიდერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.
აქამდე ქოჩარიანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი სომხეთს სამი დღით დატოვებდა. განცხადების მიხედვით, ვიზიტი პირადი ხასიათისაა, დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი და მისი "დატვირთული საარჩევნო გრაფიკის გამო" გადაიდო.
"ჩვენ წინასწარ არასდროს გაგვივრცელებია ინფორმაცია პრეზიდენტის მრავალრიცხოვანი წინა ვიზიტების შესახებ მათი პირადი ხასიათის გამო, თუმცა, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ საზოგადოების დაცვას მთავრობის მიერ მოსალოდნელი ტყუილისგან," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ქოჩარიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიკოიანმა, განაცხადა, რომ ქოჩარიანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე.
"პრეზიდენტ ქოჩარიანის ქვეყნიდან გასვლა უკანონოდ აიკრძალა ყოველგვარი განმარტების გარეშე," - განაცხადა მიკოიანმა.




