მერლინ მენსონი

მერლინ მენსონს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

Deadline

როკ მუსიკოს მერლინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. 

37 წლის დაზარალებულმა, მენსონის ყოფილმა თანაშემწემ, ეშლი უოლტერსმა მომღერლის წინააღმდეგ საჩივარი ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა.

უოლტერსის თქმით, მუსიკოსმა ლოგინზე დააგდო, ძალით აკოცა და ყურზე უკბინა. ამ ინციდენტის შემდეგ მომღერალი ასისტენტს ხშირად ვერბალურად ემუქრებოდა, ასევე ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ჭრილობებიანი სხეულის ფოტოებს, ფოტოებზე მენსონის იმჟამინდელი მეგობარი ქალის, მსახიობი ესმე ბიანკოს სხეული იყო აღბეჭდილი. ბიანკოც ერთ-ერთ ბრალმდებელია, რომელმაც მენსონის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ცნობილ როკ მუსიკოსს ათობით ადამიანი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე იარაღის მუქარაში ადანაშაულებს. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა. 

კომენტარები