დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კონფლიქტის დეესკალაციას მხარს უჭერს

ლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კონფლიქტის დეესკალაციას. 

"ოსტინმა გაიმეორა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის და მისი მოქალაქეების დაცვის უფლებისთვის". – თქვა პენტაგონის სპიკერმა. 

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

"ოსტინმა კონფლიქტის დეესკალაციის და სიმშვიდის აღდგენის მხარდაჭერა გამოხატა". – ნათქვამია განცხადებაში. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

16 მაისს ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშის მიტანას გააგრძელებს მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ს ელჩმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, თქვა, რომ აშშ დიპლომატიური არხებით დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

15 მაისს The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერდა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს. 

კომენტარები