დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

The Times of Israel: ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს

ისრაელის “რკინის გუმბათის” სისტემა ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს ანეიტრალებს. 14 მაისი, 2021.
AFP

The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერს, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს. 

წყაროს თქმით, შუამავლებს ფრთხილად იმედოვნებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰამასის ტერორისტულ ჯგუფს შორის ბრძოლა რამდენიმე დღეში შეწყდება. 

დიპლომატის თქმით, მას შემდეგ, რაც 13 და 14 მაისს ისრაელმა ღაზის სექტორზე მასშტაბური იერიში მიიტანა, მომლაპარაკებელ მხარეებს სჯერათ, რომ ისრაელი მალე შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. 

პარალელურად, 14 მაისს თელ-ავივში მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში ისრაელისა და პალესტინის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰადი ამრი

"დღეს ამრი თელ-ავივში ჩავიდა, რათა განაგრძოს მუშაობა მშვიდობისა და ისრაელის თავდაცვის უფლების აღიარებისათვის. ისრაელელები და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ღირსებასა და კეთილდღეობას ". - ვკითხულობთ ისრაელში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

ის რამდენიმე საათში ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც 14 მაისს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ბრძოლა არ დასრულებულა.

დიპლომატის თქმით, 15 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება საგანგებო შეხვედრა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის არსებული სიტუაციის თემაზე. დიპლომატის თქმით, წევრი ქვეყნები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთხმად მოუწოდებენ.

13 მაისს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის ნეთანიაჰუს ესაუბრა საბრძოლო მოქმედებების ჩაცხრობაზე, თუმცა ამავე დროს მხარი დაუჭირა მას და თქვა, რომ ისრაელის მხრიდან "ზედმეტი რეაგირება არ ყოფილა". 

ჰამასის პოლიტიკურმა ლიდერმა, ხალედ მაშაალმა თურქეთის ახალი ამბების სააგენტოს უთხრა, რომ ღაზის დაჯგუფება მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა ისრაელისგან პასუხი არ მიუღიათ. ამავდროულად, ჰამასის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა არაბული ახალი ამბების სააგენტო al-Meyadeen-ს უთხრა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა.

ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალურმა პირმა Associated Press-ს უთხრა, რომ ისრაელმა უარი განაცხადა ეგვიპტის შეთავაზებაზე, რომ ჰამასთან და ღაზის სხვა დაჯგუფებებთან დადოს ერთწლიანი ზავი. მისი თქმით, ჰამასი შემოთავაზებას თანხმდება. მისივე თქმით, ისრაელს სამშვიდობო შეთანხმების გადადება სურს იქამდე, ვიდრე ჰამასს და ისლამისტურ დაჯგუფება ჯიჰადს  არ გაანადგურებენ. 

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს უთხრა, რომ ეგვიპტე მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰამასთან, კატართან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ პირდაპირ ისრაელთან - არა. 

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები