დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუ: დამნაშავეა ის, ვინც თავს გვესხმის, ოპერაციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ საჭიროა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშის მიტანას გააგრძელებს მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

"ხუთი დღე გავიდა, რაც ჰამასმა თავხედურად ესროლა რაკეტები იერუსალიმს და ისრაელის სხვა ქალაქებს". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ისრაელელი დაიღუპა, მეტი დაშავდა, მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა, თავშესაფრებში დამალულიყო. 

"თქვენ ეს იცით და მეც ვიცი, რომ არცერთი ქვეყანა ამას არ მოითმენს. ისრაელი ამას არ მოითმენს... მხარე, რომელიც დამნაშავეა ამ დაპირისპირებაში, არა ჩვენ, არამედ ისინი არიან, ვინც თავს გვესხმის. ჩვენ ოპერაციის შუაში ვართ ეს ჯერ არ დასრულებულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ საჭირო იქნება".

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა ძლიერი პასუხი გასცა თავდასხმებს და ისრაელი კვლავ ძლიერად უპასუხებს მანამდე, სანამ ისრაელელი ხალხის უსაფრთხოება არ აღდგება. პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელმა გაანადგურა ჰამასის ათობით ტერორისტი და ტერორისტების ასობით ადგილი, მათ შორის, რაკეტების გამშვები პუნქტები და შენობები, რომლებსაც ჰამასი თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად იყენებდა, ასევე ჰამასის გვირაბების ქსელის ნაწილი და სხვა.

"მინდა, მსოფლიოს შევახსენო, რომ ჩვენ ქალაქებზე თავდასხმით ჰამასი ომის ორმაგ დანაშაულს სჩადის - ჩვენს მოქალაქეებს მიზანში იღებენ და პალესტინელი მოქალაქეების უკან იმალებიან, ცოცხალ ფარად ეფექტიანად იყენებენ. როგორც ყოველთვის, ისრაელი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ და პალესტინელები ამ ზიანს ავარიდოთ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის დამარცხება არამხოლოდ ისრაელის, არამედ ყველას ინტერესშია, ვინც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, სტაბილურობას ესწრაფვის.

10 მაისიდან მოყოლებული, ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის ცნობით დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

15 მაისს The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერდა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები