პოლიტიკური კრიზისი

მელია კობახიძეზე: შეიძლება გაუმართლოს და ეს განცხადება, რაც გააკეთა, დაკმაყოფილდეს

ტაბულა

"შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რაც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი". – ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ, თუ ნაცმოძრაობა პარლამენტში არ შევა, ეს "ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება".

მელიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნა ვინმეს თუ არ უნდა უხაროდეს, ირაკლი კობახიძეა, რადგან ენმ-ს მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და "ბევრი სხვა უპირატესობა" უკვე მოპოვებული აქვს.

"მესმის მათი მღელვარების, დარდის, რადგან მათ უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ მედიის წინაშე. დააკვირდით, 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე, რა ცუდი და კრიმინალი ვარ, ან რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში". – ამბობს ნიკა მელია.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 მაისს, თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შევა თუ არა პარლამენტში, ამას არავისთვის, "არც სუბიექტურად და არც ობიექტურად" აღარ აქვს მნიშვნელობა. კობახიძის თქმით, ეს უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები