ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად "დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას".
ცნობისთვის, 24 ივნისს ვენესუელაში ზედიზედ 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც.
"ჩვენი გულები არის ყველა მათგანთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაშავდა; და იმ მამაც მაშველებთან, რომლებიც [მიწისძვრის] შემდეგ დაუღალავად მუშაობენ." – დაწერა რუბიომ X-ზე.
მანამდე მისმა მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და "დახმარების მობილიზებას" ახდენს.
თავის მხრივ, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტრამპი კარაკასთან მუდმივ კონტაქტზეა.
Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში როდრიგესმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობამ ვენესუელას დახმარება და სოლიდარობა შესთავაზა.
მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-ს დახმარება შეუძლია და "მზად არის". ტრამპის თქმით, მან მთავრობის ყველა სააგენტოს დაავალა, რომ სწრაფი მოქმედებისთვის მოემზადონ.





