პოლიტიკური კრიზისი

მელია პარლამენტში შესვლაზე: არ მინდა, თუნდაც რეგიონებში ჩაუსვლელად მივიღოთ გადაწყვეტილება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რეგიონებში ჩასვლის და საზოგადოების "რაც შეიძლება ფართო ნაწილთან" კომუნიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

"კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს და შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული და წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად არჩეულ თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას რასაც ვეძახით, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას და გეტყვით რატომ. არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება.

სულ რაღაც 4 დღე ვარ იქ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და, ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცევი, სხვაგვარად უბრალოდ პროცესიც დაზიანდება და პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად". – ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები